"კორუფციის გამოფენა" თბილისის მერიასთან - ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იმ პროექტების ფოტოები გამოფინეს, რომლებზეც, როგორც ამბობენ, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი კორუფციასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, აქციაზე მუდმივად ისმის "მეტროსადგურ გოცირიძეს მატარებელი გაივლის შეუჩერებლად", რაც სადგურის სამწლიან რემონტს უკავშირდება.
აქციის ორგანიზატორებს შორის არიან პარტიები: დროა, გირჩი - მეტი თავისუფლება, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო. ასევე, სამოქალაქო მოძრაობები შეცვალე, ჯიუტები და აფხაზეთის ამბები.
"ბილბორდებზე დაწერილი "სიცოცხლით სავსე ქალაქი" რეალურად არის "კორუფციით სავსე ქალაქი", სადაც მთელი ეს გარიგებები ხორციელდება ნაცნობობით, ჯიგრული პონტით, როგორც ძველმა პრემიერმა თქვა. ეს არის მთელი საშინელი კორუფციული გარიგებები, რომელიც უნდა შეწყდეს. ეს უბრალოდ ფასადური ტერმინი კი არაა, ეს ისაა, რაც შემდეგ ბავშვს კლავს და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია", - ამბობს მოძრაობა ჯიუტის ლიდერი, ლაშა ჯანჯღავა.